English / ქართული / русский /
თენგიზ ქავთარაძე
მევენახეობის განვითარების თანამედროვე ტენდენციები

მევენახეობა ძველთაგანვე ქართველი ხალხის მატერიალური სიძლიერის ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყო. ეს დარგი აქ ცნობილი იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე ათასეული წლის წინათ. ადგილობრივი მევენახეობის  სიძველეზე მიუთითებს არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, წერილობითი წყაროები, მდიდარი ხალხური ტერმინოლოგია და სხვა. გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა  მოწმობს, რომ ძველი წელთაღრიცხვის მე-2 ათასწლეულის ბოლოს მევენახეობა საქართველოში უკვე საკმაოდ დაწინაურებული იყო. ამას ადასტურებს კახეთში აღმოჩენილი ვაზის ნამგლისებური სასხლავი, რომელიც ბრინჯაოსაგან იყო დამზადებული. სოფელ ნინოწმინდის სამაროვანზე ნაოვნია წიპწები, რაც რქაწითელის და მწვანე ვაზის ჯიშის არსებობაზე მიუთითებს და სხვა.

2000 წლისათვის მსოფლიოში ვენახის ფართობები 10 მილიონ ჰა აღწევდა, აქედან (ათას ჰექტრობით) ევროპაში-7200, აზიაში-1300, აფრიკაში-600, ამერიკაში-900, ავსტრალიაში-100. ევროპაში მევენახეობის ძირითადი ქვეყნებია ესპანეთი (1600 ათ. ჰა), იტალია (1400 ათ. ჰა), საფრანგეთი (1300 ათ. ჰა).

ვენახების ფართობების მიხედვით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საქართველო მე-5 ადგილზე იმყოფებოდა და მისი ფართობი 146 ათას ჰა-ს შეადგენდა. საქართველოში გაშენებული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ვენახების 10-14% და ყურძნის მთლიანი მოსავლის 9-10% იწარმოებოდა

ამჟამად მსოფლიოში 4 ათასამდე ვაზის ჯიშია, მათ შორის 500-მდე ქართული. საქართველოს ვაზის სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილი იყო 41 ჯიში, აქედან 27 ტექნოლოგიური საღვინე ჯიშისა იყო, 14 სუფრისა. გადასამუშავებლად იყენებდნენ მთელი ფართობებიდან მიღებული მოსავლის 96-97% ხოლო სასუფრედ 3-4%. საქართველოში ვაზის ადგილობრივი საღვინე ჯიშებიდან უფრო გავრცელებულია: რქაწითელი _ 55%, ცოლიკაური _ 10,2%, ჩინური _ 7%, საფერავი _ 4%, კახური მწვანე _ 3,3%, გორული მწვანე _ 2,1%. დანარჩენი ჯიშები მცირე ფართობებზეა გაშენებული, თუმცა ადგილობრივი უნიკალური ვაზის ჯიშების განვითარება არათუ კრძალავს, არამედ მეცნიერულად გამართლებულიცაა, რომ მას შეეთანაწყოს ახალი, თუნდაც უცხოეთიდან შემოტანილი ისეთი ჯიშები, რომლებიც ივარგებს საქართველოს პირობებში. ეს შექმნის მრავალფეროვან ჯიშობრივ და ჰიბრიდულ სივრცეს და წარმოების ინტენსიური განვითარების ახალ შესაძლებლობებს.

ამჟამად საქართველოში ვაზის სამრეწველო ჯიშებიდან  ყველაზე უფრო გავრცელებულია რქაწითელი. იგი კახეთის მევენახეობის ძირითადი ჯიშია და საკმაო რაოდენობითაა გავრცელებული ქართლში და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში. რქაწითელი იძლევა უმაღლესი ხარისხის ყურძენს და ღვინოს, ამასთანავე კარგად ეგუება სხვადასხვა ბუნებრივ პირობებს, საკმაოდ მოსავლიანი ჯიშია, მოსავალი 1 ჰექტარზე საშუალოდ 80-100 ცენტნერს უდრის, ზოგ მეურნეობებში კი 150-200 ცენტნერსაც აღწევს. ეს ჯიში კარგად უძლებს სოკოვან დაავადებებს, განსაკუთრებით კი ჭრაქს. იგი ყინვაგამძლე და ფიროქსელაგამძლეა. რქაწითელის ყურძენი მეტად გემრიელი, სასიამოვნო საჭმელია. მისგან ამზადებენ მრავალნაირ ღვინოებს, რომელსაც აყენებენ როგორც ადგილობრივი წესით, ისე ევროპულად, მაღალი ხარისხის ყურძნის წვენს და კონიაკის სპირტის ღვინომასალას.

 

რქაწითელის შემდეგ ყველაზე უფრო გავრცელებულია იმერეთის მთავარი საწარმოო ვაზის ჯიში ცოლიკაური. იგი გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში. ცოლიკაური ძლიერი ზრდით ხასიათდება, მაღალმოსავლიანია. კარგად მოვლილი ვენახებიდან ჰექტარზე 80-100 ც ყურძენს ღებულობენ. სოკოვან დაავადებათა და ჭრაქის მიმართ შედარებით გამძლეა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთ საქართველოს უხვნალექიანი პირობებისათვის. ცოლიკაური მაღალი ხარისხის საკმაოდ ექსტრაქტულ, ჰარმონიულ და სურნელოვან სუფრის ღვინოს იძლევა.

რქაწითელისა და ცოლიკაურის შემდეგ ყველაზე მეტადაა გავრცელებული ატენური, ანუ ჩინური. ჩინური გვიანი სიმწიფის ჯიშია. იგი იძლევა მაღალი ხარისხის სუფრის ღვინოს, ძვირფას ღვინომასალას შამანური ღვინოების წარმოებისათვის და კარგია სუფრის ყურძნადაც, მისი გავრცელების არეალი შედარებით მცირეა.

   ვაზის ჯიშებს შორის მეოთხე ადგილი უკავია ციცქას. ციცქაც თეთრყურძნიანი  ვაზის ჯიშია იგი უფრო მეტად გავრცელებულია იმერეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ზესტაფონსა და მის მეზობლად მდებარე რაიონების ტერიტორიაზე. ციცქა იმერეთის საწარმოო ვაზის ერთ-ერთი ძირითადი საგვიანო ჯიშია. სრულ სიმწიფეს აღწევს ოქტომბრის მეორე ნახევარში და მაღალმოსავლიანია – 60-დან 100 ც-მდე, განსაკუთრებული მოვლის და კარგ ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებში 150-200 ც აღწევს. სოკოვან ავადმყოფობასა და ფილოქსერას კარგად უძლებს, უფრო სუსტია ნაცრის მიმართ. ციცქა მაღალხარისხოვან სუფრის ღვინოს იძლევა, რომელიც ხასიათდება სინაზითა და სპეციფიკური არომატით, მისგან მიიღება შამპანური ღვინომასალა. 

საქართველოში ვაზის ჯიშთა შორის, მეხუთე ადგილი უკავია კახურ საფერავს. იგი საკმაო რაოდენობითაა გავრცელებული ქართლში. საშუალო მოსავლიანობა 70-90 ც, კარგ პირობებში 130-170 ც აღწევს. მისგან უმაღლესი ხარისხის სუფრის ღვინოს ამზადებენ.

მწვანე – თეთრყურძენა ვაზის ჯიშია. იგი მაღალხარისხოვანია და ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ჯიშთაგანია. ჶეს ჯიში ძველად ფართოდ იყო გავრცელებული კახეთში, მაგრამ ნაცარმა თითქმის მთლიანად მოსპო. მას შემდეგ, რაც ნაცრის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები იქნა გამოგონილი, ნელი ტემპით დაიწყო მისი აღდგენა. ამჟამად იგი ძირითადად თელავისა და საგარეჯოს რაიონებში გვხვდება. მწვანე საკმაოდ მაღალმოსავლიანია, ამასთანავე ადრე იწყებს მსხმოიარობას, საშუალო მოსავლიანობა 70-90 ც აღწევს. მაღალი სამეურნეო თვისებების ჯიშია. იძლევა მეტად ნაზ სპეციფიკური გემოვნებისა და არომატის როგორც კახური, ისე ევროპული ტიპის ღვინოს.

ქართლის ძირითადი სტანდარტული ჯიში – გორული მწვანე გვიან (ოქტომბრის ბოლოს) შედის სიმწიფეში და იძლევა მაღალხარისხოვან თეთრ ღვინოს და შამპანურ ღვინომასალას.

შედარებით ნაკლებად გავრცელებული ჯიშია – ალექსანდროული, რომელიც გვხვდება უმთავრესად რაჭაში, განსაკუთრებით სოფელ ხვანჭკარაში, ტოლასა და ბუგეულის მიკრორაიონებში. ალექსანდროული შედარებით მცირემოსავლიანი ჯიშია. საშუალო მოსავალი ერთ ვაზზე 750 გრამს უდრის. მისგან მზადდება მაღალი ხარისხის ბუნებრივად  ნახევრადტკბილი ღვინო – ხვანჭკარა.

საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშებიდან მიღებული ღვინოები გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, რაც მათ დიდ სახელს უხვეჭს მომხმარებელთა შორის. ამიტომ ჩვენი უპირველესი ვალია განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ქართული ღვინის ამ ხარისხობრივ მხარეს. არა მარტო უნდა გავზარდოთ ქართული ვაზის საუკეთესო ჯიშების (ხიხვი, თავკვერი, კრახუნა, ოცხანური საფერავი, წულუკიძის თეთრა, უსახელოური, ჩხავერი,  ოჯალეში და სხვა) ხვედრითი წონა საქართველოს მევენახეობაში, არამედ უნდა აღვადგინოთ ჩვენი წინაპრების მიერ გამოყვანილი ისეთი ტრადიციული ვაზის ჯიშებიც, რომელნიც ისტორიული წარსულის უკუღმართობამ განადგურების გზაზე დააყენა. მაგალითად, აჭარაში დიდი პერსპექტივები ისახება მევენახეობის აბორიგენული ჯიშების განვითარება _ აღორძინების საქმეში. ვიმედოვნებთ, ახლო მომავალში აჭარული ღვინოები ღირსეულ ადგილს დაიკავებს ბაზარზე კონკურენტუნარიან ბრძოლაში.

საქართველოში მევენახეობის განვითარების თანამედროვე ტენდენციები ნათლად მოწმობს, რომ ვენახის ცალკეული  ჯიშების ფართობებს შორის შეფარდება მეტად არადამაკმაყოფილებელია: მარტო ორ ჯიშს – რქაწითელს და ცოლიკაურს ვენახის მთელი ფართობების ნახევარზე მეტი (65,2%) უკავია, მაშინ როცა საფერავი, რომელიც უძვირფასესი ჯიშია მაღალხარისხოვანი სუფრის წითელი და ბუნებრივად ტკბილი (ქინძმარაული) ღვინოების დასამზადებლად, მხოლოდ 3 ათასი ჰა განესაზღვრება, ე.ი. მასზე დაახლოებით 3% მოდის.

ამ ჯიშს დიდი ფართობი აქვს დათმობილი მხოლოდ ყვარლის რაიონში, ხოლო კახეთის დანარჩენ ნაწილში გაცილებით მცირე. კიდე უფრო ნაკლებად არის გავრცელებული (დაახლოებით 1000-1200 ჰა, ანუ 2%) ესა თუ ის შესანიშნავი ჯიში, რომლებიც სუფრის თეთრი ღვინოების წარმოებას ხმარდება. ასეთებია: მწვანე, ალიგოტე, გორული მწვანე, შემდეგ მოდის ალექსანდროული, კაბერნე და შავი პინო (1,2-0,4%-მდე), ხოლო ბოლოს (50-60 ჰა, ანუ 0,1%): ოჯალეში, ჩხავერი, კრახუნა, უსახელოური და ხიხვი, რომლებიც, განსაკუთრებულ, ბუნებრივად ნახევარდტკბილ ცქრიალა და სადესერტო ღვინოებს იძლევიან.

ამრიგად, არა მარტო ზემოთ დასახელებულ პერსპექტიულ ჯიშებს – არამედ ისეთ სტანდარტულ მაღალხარისხოვან ჯიშებსაც კი, როგორიცაა ოჯალეში, ჩხავერი, კრახუნა, უსახელოური და ხიხვი, ძლიერ ცოტას ან სრულებითაც არ აშენებენ. თუ დროულად არ იქნება მიღებული გადამწყვეტი ზომები, მაშინ უახლოეს მომავალში მხოლოდ 2-3 თეთრყურძნიანი ჯიში (რქაწითელი, ცოლიკაური და ციცქა) დაიკავებს რესპუბლიკის ვენახების მთელ ფართობს და მიუტევებლად გაღარიბდება ჩვენი ვაზის ჯიშების მდიდარი შემადგენლობა.

მევენახეობის განვითარების თანამედროვე ტენდეციები ნათლად მოწმობს, რომ ვენახების ფართობები პერსპექტივაში ჩვენს რესპუბლიკაში საგრძნობლად არ მცირდება, სამაგიეროდ იცვლება ჯიშობრივი სტრუქტურა. ქართული მაღალხარისხიანი ღვინოების დასამზადებლად, მათი მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გასადიდებლად უნიკალური ჯიშების განვითარებას უპირველესი ყურადღება დაეთმობა. მსოფლიოში სახელგანთქმული ჯიშები, როგორიცაა `რქაწითელი”, `ცოლიკაური”, `ციცქა”, თავისთავად უნიკალურნი არიან. მათი გადამუშავებით ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მიიღება. კახეთის ზონაში მნიშვნელოვნად გაიზრდება უნიკალური ჯიშების: `საფერავის”, `კაბერნეს”, `ხიხვის” ფართობები. ჯიშობრივი სტრუქტურა გაუმჯობესდება შიდა ქართლსა და იმერეთის ზონებში. აქ შამპანური ჯიშის ვენახს უფრო სწრაფი ტემპებით გააშენებენ.

უნიკალური ჯიშების ფართობები მკვეთრად შემცირდა რესუბლიკაში ბოლო 15 წელიწადში, ეს გამოწვეულია მათი მგრძნობელობით გარემოსადმი და, რაც მთავარია, მცირემოსავლიანობით. სოფლის მეურნეობაში ინოვაციური სისტემების გამოყენებით ხორციელდება კლონური სელექციის გზით ყურძნის მოსავლიანობის ამაღლება. ამ ხაზით დიდი სამუშაოები ტარდება  მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინოვაციურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

 ტარდება ინოვაციური ღონისძიებები უნიკალური ვაზის 25-მდე უხვმოსავლიანი კლონის დაჩქარებით გასამრავლებლად, რომლებიც 20-25 პროცენტით მეტ მოსავალს იძლევიან იმავე ჯიშის ჩვეულებრივ ნარგაობასთან შედარებით. ამ ღონისძიებით გაუმჯობესდება ვაზის არსებული ასორტიმენტი.

 

ტექნიკური ჯიშების ნარგაობათა ინოვაციური სტრუქტურის სრულყოფასთან ერთად, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სუფრის ჯიშის ვენახების ფართობების ზრდას. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ზონა არ არის სუფრის ჯიშებისათვის განკუთვნილი. ამ მიზნით გადაუდებელ საჭიროებად მიგვაჩნია მევენახეობა-მეღვინეობის კადასტრის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ამა თუ იმ ტიპისა თუ მარკის ღვინის წარმოების სანედლეულო ბაზას; აგრეთვე სისტემაში მოიყვანს სუფრის ყურძნისა და ყურძნის წვენის წარმოების პოტენციურ შესაძლებლობებს. სპეციალისტების აზრით, საქართველოში ბევრია ისეთი რაიონი, სადაც თავისუფლად შეიძლება მაღალხარისხოვანი სუფრის ყურძნის წარმოება. ასეთებია: გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის რაიონები.

თანამედროვე კრიტერიუმებით, სუფრის ყურძნის საბაზრო წარმოება მისაღებია ცხელი ჰავის პირობებში, რომელიც მექანიზებულ დამუშავებას ექვემდებარება. ასეთებია აღმოსავლეთ საქართველოში გარდაბანი, მარნეულ-ბოლნისის ზონა, თბილისის საგარეუბნო ზონა, კახეთში კი დედოფლის წყაროს რაიონის ზილიჩა-ტარიბანას ვაკეები და სამუხის ველი. თუ პირველი ორი ნაწილობრივ უკვე ათვისებულია ორდინალური სუფრის ღვინისა და პორტვეინის, აგრეთვე მარცვლოვანი კულტურების წარმოებით, სამუხის ველი (დაახლოებით 20 000 ჰა) წარმოადგენს ყამირს, რომელიც ათვისებასა და გაკულტურებას ელოდება.

დასავლეთ საქართველოში სუფრის ყურძნის წარმოებას შეიძლება დაეთმოს იმერეთის ვაკის, გურია-სამეგრელოსა და აჭარის დაბლობი, ვაკე ადგილები ან ფერდობები, რომლებიც ჩაისა და ციტრუსებისათვის გამოუსადეგარია. საუკეთესო პირობები არსებობს სუფრის ყურძნის წარმოებისათვის აფხაზეთში, ოჩამჩირის, სოხუმის, გუდაუთის, გაგრის რაიონებში. ამჟამად მოქმედი აგროწესებით აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებისათვის რეკომენდებულია სამი სასუფრე ჯიში (ქართული საადრეო, განჯური, გორულა), ხოლო დასავლეთ საქართველოსათვის – 5 ჯიში (ზემოთ დასახელებულის გარდა, შასლა, ცხენის ძუძუ, აფხაზური და ყურაბურნუ). მევენახეობის განვითარების თანამედროვე ტენდენციების თანახმად, პირველად ჩვენი ქვეყნის პირობებში, შედგენილია სუფრის ყურძნის წარმოების ჯიშური კონვეიერის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალი ყურძნით მოსახლეობისა და კურორტების მომარაგებას.  აღმოსავლეთ საქართველოში 5-10 აგვისტოდან 5-10 ნოემბრამდე, ე.ი. ოთხი თვის განმავლობაში, ხოლო დასავლეთ საქართველოში 10-15 ივლისიდან 10-15 ნოემბრამდე,  ე.ი. 5 თვის განმავლობაში.

საქართველოში ვენახების ფართობებით და ყურძნის წარმოებით პირველ ადგილზე ყოველთვის კახეთი იდგა. აქ გაშენებული იყო ქვეყნის ვენახების მთელი ფართობების 44%, მეორე ადგილზე იმყოფებოდა იმერეთი შესაბამისად 14-26%, მესამეზე ქართლი 14-15%. დასანანია, რომ სოფლად გლეხებმა მასიურად დაიწყეს ვაზის აჩეხვა. იმიზეზებენ ყურძნის ჩაბარების და ვაზის მოვლა-პატრონობისათვის საჭირო შხამქიმიკატების შეძენის პრობლემებსა და სხვა ხელშემშლელ მიზეზებს, რამაც განაპირობა მევენახეობის დარგის დაქვეითება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვენახების დიდი ნაწილი გამეჩხერიანებულია, ხანდაზმულია და ხმობის მაღალი  ხვედრითი წილით ხასიათდება, რაც უარყოფითად აისახება მსხმოიარობასა და მოსავლიანობაზე. დღესდღეობით ძნელია იმის თქმა, თუ რამდენ ათას ჰა ვენახის ფართობს ფლობენ აღნიშნული რაიონები. ბოლო წლებში შესაბამისი აღრიცხვიანობა აღარ განხორციელებულა.

შექმნილი მდგომარეობიდან თავის დაღწევის მიზნით, მევენახეობის განვითარების თანამედროვე ტენდენცია უნდა წარიმართოს სახელმწიფო ინოვაციური სისტემების ინფრასტრუქტურის განვითარებით. უნდა გამოვიყენოთ ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი გარემო პირობები, ტექნოლოგიური პარკები, განათლების სისტემა, ბიზნესინკუბატორები, კლასტირება, ინოვაციური მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო და არასახელმწიფო ფონდები და სხვა.

საქართველოს მევენახეობა 1920-30 წლებში დიდ სიძნელეებს განიცდიდა. საკმარისია ითქვას, რომ ვაზის ნარგავებს 1932 წლის ყველა კატეგორიის მეურნეობებში 34,7 ათასი ჰა ეჭირა, ნაცვლად 52,0 ათასი ჰა-ისა 1913 წელს. ე.ი. ამ ხნის განმავლობაში ვენახის ფართობი 17,3 ათასი ჰექტრით, ანუ 33%-ით შემცირებულა.

ვენახების ასეთი შემცირება გამოწვეული იყო ფილოქსერის გავრცელებით, რომელიც განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში მძვინვარებდა. ვაზის ნარგავების შენარჩუნებისა და მევენახეობის შემდგომი განვითარებისათვის ინოვაციური თვალსაზრისით ამ პერიოდში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ვენახების გადაყვანას ამერიკული ვაზის ფილოქსერაგამძლე საძირეებზე, რომლის უქონლობის გამო ბევრი ფიქრობდა, რომ მევენახეობა სრული განადგურების გზას დაადგაო.

ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, იმდროინდელმა ხელისუფლებამ ინოვაციური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ღონისძიებანი გაატარა ფილოქსერაგამძლე ვაზის სადედეების წარმოების გაფართოების მიმართულებით. 1925 წლისათვის სადედეების ფართობმა 349 ჰექტარს მიაღწია, ნაცვლად 30 ჰექტრისა 1921 წელს ე.ი. 11-ჯერ და უფრო მეტად გადიდდა. აამავე პერიოდში თითქმის 9-ჯერ გაიზარდა დაფესვიანებული ვაზის გამოშვება. მიუხედავად ამისა, ვენახის ფართობი არ მატულობდა, რადგანაც დაღუპული ვენახები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ახლად გაშენებული.

ვენახების გაშენების დაბალი ტემპი, როგორც აღვნიშნეთ, ძირითადად ამერიკული ვაზის საძირეების ნაკლებობით იყო გამოწვეული. ამიტომ, ხელისუფლებამ 1932 წლისათვის მიიღო გეგმა ამერიკული ვაზის საძირეების სანერგის ფართობის 2000 ჰექტრამდე აყვანის შესახებ. 1937 წლებამდე ამერიკული ვაზის სადედეები უფრო მეტად შენდებოდა კახეთში, სადაც მევენახეობა ყოველწლიურად სეტყვის გამო მნიშვნელოვნად ზიანდებოდა და ლერწის გამოსავლიანობა დაბალი იყო. ამიტომ ამერიკული ვაზის სადედეები უპირატესად გააშენეს იქ, სადაც სეტყვა თითქმის არ იცის, კერძოდ მარნეულის, ქარელის და დასავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში. საქართველოში მევენახეობის აღდგენისა და განვითარებისათვის გატარებულ ღონისძიებათა შორის აღსანიშნავია შემდეგი: მევენახეობის ძირითადი რაიონები გათავისუფლდა ტექნიკური შრომატევადი კულტურების (ბამბა, კანაფი, სოია და სხვა) წარმოებისაგან, გადიდდა ყურძნის დამზადების ფასი და იგი დიფერენცირდა ჯიშებისა და ხარისხის მიხედვით; ღვინისა და ყურძნის დამზადება დასაქონლდა პურით და მანუფაქტურით. კოლმეურნეობებში სათბურების მშენებლობითა და ნამყენის წარმოების გადიდებით უზრუნველყოფილ იქნა ვენახების შემდგომი გაფართოება. 1970 წელს საქართველოს ყველა კატეგორიის მეურნეობაში ვენახების მთლიანმა ფართობმა შეადგინა 115,1 ათ. ჰექტარი, მათ შორის ნაყოფის მომცემ ასაკში 93,3 ათ. ჰექტარი. ყურძნის მთლიანი მოსავალი შეადგენდა 579 ათ. ტონას, მოსავლიანობა 61,4 ც ერთ  ჰექტარზე. 2008 წლის მონაცემებით, ვენახის ფართობი საქართველოში 49,1 ათას ჰექტარს შეადგენდა. მათ შორის მსხმოიარე იყო 46,3 ათასი ჰექტარი. ყურძნის მთლიანი მოსავალი 157,6 ათასი ტონა, ხოლო საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე 30,4 ცენტნერი იყო.

რესპუბლიკაში ღვინის მრეწველობის განვითარების  ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სამარკო ღვინოების წარმოება. ძირითადი მიზეზი, რომელიც ზღუდავს საქართველოში მაღალხარისხოვანი სამარკო ღვინოების გამოშვებას, არის სამარკო ღვინოების დასაძველებელი სარდაფები, აგრეთვე სამარკო ღვინოების დასაძველებლად განკუთვნილი ტექნოლოგიური ტევადობების ნაკლებობა. ამის გამო, ყოველწლიურად, სამარკო ღვინომასალების მნიშვნელოვანი ნაწილი გადადის ორდინალურში. მაგალითად, 1982 წელს ამ მიზეზით შერჩეული სამარკო ღვინომასალების 50% არ იყო ჩაწყობილი დასაძველებლად. საქართველოს მაღალხარისხოვანი სამარკო მეღვინეობისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ტექნიკური ბაზის, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური ტევადობების სტრუქტურის სრულყოფა. უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაიზარდოს იმ ტარა ჭურჭლის ხვედრიწილი, რომლის საბოლოო პროდუქციაზე დიდი მოთხოვნილებაა არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაშიც (ქართული ღვინოებისათვის მიმზიდველი ქვეყნებია ბელგია, უკრაინა და ბულგარეთი).

ბოლო პერიოდში შეინიშნება გლეხური ტრადიციული წესით დამზადებულ ღვინოებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია, განსაკუთრებით ჩამოსული უცხოელი ტურისტების მხრიდან. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად, რათა გაატარონ ფერმერულ-გლეხური მევენახეობის განვითარების ღონისძიებანი. გადაუდებელ პრობლემად მიგვაჩნია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, კერძოდ მევენახეობის, განვითარების დაზღვევის მოგვარების მეტად აქტუალური საკითხი. საქართველოს მეღვინეობის ინტენსიური განვითარება ძირითადად ღვინის ტექნოლოგიური ტევადობებით იზღუდება. ჩვენი აზრით, მიზანშეწონილია, რესუბლიკაში გაიხსნას სეციალიზებული ინოვაციური სასწავლებელი ქვევრების, მუხის ტარა-ჭურჭლის, აგრეთვე ემალის ცისტერნების წარმოების შესასწავლად. კახური და იმერული ტიპის სამარკო ღვინოების წარმოებისათვის შეუცვლელია ქვევრი. დანარჩენი ტევადობის რკინა ბეტონის რეზერვუარები, ფოლადის, რკინის და ალუმინის ცისტერნები – გამოუსადეგარია სამარკო ღვინოების წარმოებისათვის და საერთოდ ისინი აუარესებენ ქართული სუფრის ღვინოების ხარისხ, თუმცა მათი ღირებულება გაცილებით ნაკლებია მუხის ტარის, ქვევრებისა და ფოლადის მომინანქრებული ტევადობების ღირებულებასთან შედარებით. ბოლო დროს მეღვინეობის ტრადიციულ ქვეყნებში გაიზარდა ქვევრზე მოთხოვნილება, რაც ქართული ტრადიციული მეღვინეობის დიდ აღიარებაზე მიუთითებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად საქართველოში ემალირებული ცისტერნების, რკინაბეტონის რეზერვუარების, ქვევრებისა და ბუტების საშუალო ტევადობა თითქმის 1961 წლის დონეზე დარჩა. გარდა ამისა, რესპუბლიკის სამარკო ღვინოების საძველებელ სარდაფებში შეუძლებელია მსხვილი ტარის რამდენიმე იარუსად განლაგება, რადგან ჭერის სიმაღლე არ აღემატება სამ მეტრს, რაც ამცირებს ღვინის საცავის ფართობებიდან მიღებული პროდუქციის რაოდენობას.

მაგალითისათვის ავიღოთ ქინძმარაული გვირაბის ტიპის ღვინის საცავი, რომელიც წარმოადგენს გიგანტს, რადგან ერთდროულად შეუძლია დაიტიოს 2 მილიონი დეკალიტრი სამარკო ღვინომასალები. გგვირაბი გაყვანილია კლდეში, გვირაბის საერთო სიგრძე 8 კმ-ს შეადგენს. საცავი ძირითადად განკუთვნილი იყო ღვინის შესანახად კასრებში. ამიტომ იქ მომინანქრებული რეზერვუარები 800-900 დეკალიტრზე მეტი ტევადობით ვერ თავსდება. ღვინის საცავი არ არის უზრუნველყოფილი ტარა-ჭურჭლით (2 მლ. დეკალიტრის ნაცვლად 856 ათ. დეკალიტრი ტარა-ჭურჭელია განლაგებული), ამდენად, ძირითადი ფონდების გამოყენების კოეფიციენტი დაბალია. ამ ღვინის საცავის ჭერის სიმაღლეა 3 მეტრი. გვირაბის ჰიდროიზოლაცია ცუდ მდგომარეობაშია. თანამედროვე ტექნიკის პირობებში შესაძლებელია ჰიდროიზოლაციის სრული დაცვა, რაც გააუმჯობესებს სამარკო ღვინოების ხარისხს, შესაძლებელს გახდის შედარებით მსხვილი ტარა-ჭურჭლის ეფექტიან გაადგილებას.

ინკერმანის სამარკო ღვინოების ქარხანაში, სადაც ჭერის სიმაღლე 12 მეტრია, 2-5 ათ. ტევადობის ემალირებული ცისტერნები, 1-2 ათ. დეკალიტრი ტევადობის ბუტები და ა.შ. განლაგებულია რამდენიმე იარუსად. წლის განმავლობაში შენარჩუნებულია ოტიმალური ტემპერატურა, ჰაერი კი მშრალია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ტექნოლოგიური ტევადობების სტრუქტურის სრულყოფის, უფრო მსხვილი ტევადობების და ღვინის საცავების საწარმოო ფართობის უფრო უკეთესად გამოყენების მიმართულებით მევენახეობის განვითარების თანამედროვე ტენდენციებში დიდი რეზერვები არსებობს რესპუბლიკაში. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე რ., ინოვაციები ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბ., 2014.

2. ამერიკის ეკონომიკა – ზოგადი საფუძვლების მიმოხილვა, ამერიკის შეერთებული შტატების საინფორმაციო სააგენტო. 2010.

3. ლორთქიფანიძე თ. მევენახეობისა და ყურძნის სამრეწველო გადამუშავების პროდუქტების როლი სასურსათო პროგრამის რეალიზაციაში. აგროსამრეწველო კომპლექსის ეფექტიანობის მართვის მექანიზმი, `მეცნიერება”, თბილისი, 1986.

4. რუხაძე ს. აშშ-ის სახელმწიფო რეგულირების საკითხები, თბ. 1994.

5. ქავთარაძე თ. აგრარული რეფორმა საბაზრო ეკონომიკის პირობებში და საქართველო, “მეცნიერება”, თბ., 2003.

6. ქისტაური ნ. ინოვაციებისა და ცვლილებების მართვის თანამედროვე პრობლემები. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თბ. 2015.

7. ხარაიშვილი ე. ინოვაციური განვითარების პრობლემები საქართველოს ფერმერულ მეურნეობებში. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა ტ. II. თბ., 2012.

8. ჩიქავა ლ. ინოვაციური ეკონომიკა. საგამომცემლო ფირმა სიახლე, თბ., 2006.

9. www.fao.org/corp/statistics.

10. Освоение инновации в агропромышленном комплексе опит и проблемы – М. : ФГУ РССК 2006 – 136.

11. Changes in market organization and practices of the potato industry. Hastings Area. Florida 1958-1968. Washington, 1970.

12. Kyle L.P. Business analysis summary for  potato farms 1973. East-lansing, 1974.